კონფერენციის აღწერილობა:
ეროვნულ-გამათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საბჭოეთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად ამისა, ეროვნულ-გამათავისუფლებელი/ანტისაბჭოთა მოძრაობის კვლევას კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებში ნაკლები ყურადღება ეთმობა როგორც სამამულო სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე უცხოურ სოვეტოლოგიაში.
ქართველი და უცხოელი მეცნიერები უმთავრესად XX საუკუნის 20-იანი წლების მოვლენებით ინტერესდებიან. XX საუკუნის მეორე ნახევრის პროცესების ანალიზს უფრო ხშირად საზღვარგარეთ გამოცემულ ნაშრომებში ვხვდებით, თუმცა არცთუ იშვიათად ისინი სამეცნიერო სიზუსტესაცაა მოკლებული და ტენდენციურიცაა.
საერთაშორისო კონფერენციის „ეროვნულ-გამათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობა კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში“ უმთავრესი მიზანია კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში კავკასიაში ეროვნული და დემოკრატიული იდეების ფორმირებისათვის თვალის გადევნება; ეროვნულ-გამათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობის დინამიკის ჩვენება საბჭოური ისტორიის მთელ სიგრძეზე (1920-1991); ეროვნულ-გამათავისუფლებელ/ ანტისაბჭოთა მოძრაობების უმთავრესი მახასიათებლების გამოყოფა და ურთიერთკავშირის გაანალიზება. კონფერენციის მეორე უმთავრესი მიზანია კავკასიის ხალხთა ეროვნული და ანტისაბჭოთა მოძრაობის ევროპულ კონტექსტში გააზრება, რაც გასაგებს გახდის მის როლს კომუნისტური ტოტალიტარიზმის ნგრევაში.
კონფერენცია ეძღვნება რუსული ოკუპაციისა და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი მოვლენის, 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავს.
თანამონაწილე ორგანიზაცია: სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი
პროექტის ხელმძღვანელი: გიორგი ჭეიშვილი (თსუ ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საქართველო)
პროექტის თანახელმძღვანელი: ჰარუთიუნ ხუდანიანი (სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი, სომხეთი)
პროექტის კოორდინატორი: ნატო სონღულაშვილი (თსუ ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საქართველო)
სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე: მიხეილ ბახტაძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო)
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე: ვალერიან ვაშაკიძე (თსუ ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საქართველო)